logoსაქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანასსახელობის სამედიცინო ცენტრი gpmc

საპატრიარქოს კლინიკის ექიმებმა პედაგოგებს უფასო სამედიცინო კონულტაციები ჩაუტარა   *   საპატრიარქოს კლინიკასა და საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა   *   საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ხაშურში უფასო სამედიცინო აქცია გამართა   *     *  

გოგოს სახელები

გოგოს სახელები (ა)


აგნესა - ორგვარად შეიძლება აიხსნას: ან ” წმინდა “, ” უმანკო ” (ბერძნული), ან ” კრავი ” (ლათინური)


აგრაფინა (ლათინური) ” აგრიპას კუთვნილი “, ” აგრიპასი “. აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს ” ფეხებით წინ დაბადებულს “. ამ სახელს დაერთვის ‘ინ’ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.).


აზა (არაბული) ” ძვირფასი “, ” საყვარელი “.


აია (ქართული) ახალი სახელია. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც ძველი კოლხეთის ერთ-ერთი სახელწოდება. ამავე ძირიდან არის ნაწარმოები კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის სახელიც. როგორც ქალის სახელი გავრცელებულია აგრეთვე ბალტიისპირეთში. აღსანიშნავია, რომ აია ერქვა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დედას.


აიშე (არაბული) ” ცოცხალი “.


ალა - ახალი ნასესხები სახელია, რომლის ეტიმოლოგია საეჭვოა: ზოგი გერმანულიდან მომდინარედ თვლის, მნიშვნელობის დაუდგენლად, ზოგი ბერძნულს უკავშირებს ( ” გაცვლილის “, ” სანაცვლოდ მიღებულის ” მნიშვნელობით).


ალისა - აგრეთვე ახალი ნასესხებია დასავლეთ-ევროპული ენებიდან. ნაწარმოებია კაცის სახელ ალექსისაგან.


ანა (ძველი ებრაული) ” სასურველი “, ” სანდომიანი “, ” საამო “. ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): ” იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი ” (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.


ანანა (ძველი ებრაული) ” გულკეთილი “, ” გულმოწყალე “. ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ვაჟის სახელადაც (XVI-XVII სს.) ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანანო (მხოლოდ ქალის სახელად).


ანასტასია (ბერძნული) ” მკვდრეთით აღმდგარი “, ” სიცოცხლეს დაბრუნებული “. იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია… სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.


ანგელინა – ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა ” ამბის მომტანს “, ” მოამბეს “, შემდეგ მნიშვნელობა დაუვიწროვდა და ნიშნავდა მხოლოდ ” ღვთის მოამბეს “, ” ღვთის მახარობელს ” (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს ‘ინ’ სუფიქსი (იხ. ზემოთ – აგრაფინა) და ამ გზით მიღებულია საკუთარი სახელი ანგელინა.


ანეტა - მიღებული ჩანს ანა-ს ფრანგული კნინობითი ფორმისაგან (ანეტ).


ანისია, ანუსია (ბერძნული) ” დამთავრება “, ” დასრულება “.


არეთა (არაბული) ” ორბი “, ” არწივი “, სხვაგვარი ახსნით: ” მიწის მუშა “, ” მხვნელი ” (შეად. გიორგი). ასეთი მნიშვნელობა კაცის სახელს უფრო შეშვენის და, მართლაც, არეთა გვხვდება კაცის სახელადაც.


არიადნა (ბერძნული) ” ძლიერ მოსაწონი “. ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი – გმირი თეზევსი და დაეხმარა მას დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა.


ასია (არაბული) ” მანუგეშებელი “, ” მკურნალი “.


ასინეთ - ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც ” ნეითისა ” ( ” ნეითისადმი შეწირული ” ან ” ნეითის მსახური “. ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა).


ასმათ (არაბული) ” უმწიკვლო “, ” უმანკო “, ” პატიოსანი “. არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად ” ვეფხისტყაოსანში ” გვხვდება და მისი მეშვეობით შემდგომში ფართოდ გავრცელდა.


აღათი (ბერძნული) ” სიყვარული “, ” სიკეთე “.


აშექალი (ქართული).

გოგოს სახელები (ბ)


ბაბალე (ბერძნული) ” უცხოელი “, ” არაბერძენი “. ბერძნულსა და ზოგ სხვა ენაში გვხვდება როგორც ქალის, ისე ვაჟის სახელად. ამ სახელით ცნობილია რამდენიმე წმინდანი. მრავალ ენაში ეს სიტყვა ნასესხებია საზოგადო სახელის მნიშველობითაც ( ” ბარბაროსი “, რუსული варвар). ქართულში ქალის სახელად ბერძნულიდან ნასესხები პირველადი ფორმაა ბარბარე, მისი დისიმილაციით მიღებულია ბარბალე, რ-ს დაკარგვით – ბაბალე, შემოკლებით – ბაბი. გვხვდება აგრეთვე ნაირფეროვანი საალერსო ფორმები: ბაბე, ბაბული, ბაბულია, ბაბუცი, ბაბუცა. ამავე სახელის რუსული გზით შემოსული ფორმებია: ვარვარა, ვარა, ვარიჩკა. ზოგი მკვლევარის აზრით, ეს სახელი უკავშირდება არა ბერძნულს, არმედ შუმერული ქალღმერთის სახელს.


ბაბილინა (ლათინური) ” ბაბილოსი “. ვაჟის სახელს ბაბილოს, რომელიც წარმოშობით სირიულია და ” აჯანყებულს ” ნიშნავს, დართული აქვს ლათინური სუფიქსი ინ(ა) და ქცეულია ქალის სახელად (შეადარეთ აგრაფინა, ანგელინა). საალერსო ფორმებია: ბაბი, ბაბილა.


ბაია - როგორც ჩანს, ქართული მინდვრის ყვავილის სახელია ქცეული ქალის სახელად (შეადარეთ: ია, ვარდო, ენძელა…). ბაია გვხვდება ვაჟის სახელადაც, საიდანაც მიღებულია გვარი ბაიაშვილი (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XIII ს-დან), მაგრამ ეს ვაჟის სახელი სულ სხვა წარმოშობისა უნდა იყოს.


ბაისო (არაბული) ” თეთრი “.


ბედისა (ქართული) ამავე სახელის კოლხური ვარიანტია ბედიშა.


ბეატრისა (ლათინური) ” ბედნიერი “.


ბელა (ლათინური) ” ლამაზი “.


ბორენა - მკვლევართა ვარაუდით, სკვითურ-ალანური სახელია და ნიშნავს ” წაბლისფერთმიანს “. ეს სახელი ერქვა საქართველოს დედოფალს XI ს-ში, ბაგრატ IV-ის მეუღლეს, რომელიც ოსთა მეფის ასული იყო. ზოგი მას აიგივებს პოეტ ქალთან, რომელიც ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ იამბიკოში თვითონვე ახსენებს თავის სახელს: ” ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი “. ბორენა ერქვა აგრეთვე ცოტნე დადიანის მეუღლეს (XIII ს.). შეადარეთ შორენა.


ბროლა (ქართული) აქედანაა გვარები: ბროლაშვილი, ბროლაძე (ისტორიული დოკუმენტებში დასტურდება XVII ს-დან).

გოგოს სახელები (გ)


გაიანე (ბერძნული) ” მიწიერი “. საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს ” მწვანეს ” (ეტიმოლოგიები საეჭვოა). წმინდა მოწამის სახელია.


გალინა (ბერძნული) ” წყნარი “, ” მშვიდი “, ” აუღელვებელი “.


გედია (ქართული) გვხვდება ვაჟის სახელადაც, რასაც მოწმობენ ისტორიული საბუთები (XVII ს.) და გვარი გედიაშვილი.


გვანცა (ქართული) სვანურად გვანც – ” ჭინჭრაქა “, გადატანით ნიშნავს ” ცელქს “, ” მოუსვენარს “.


გვრიტია (ქართული)


გიული - სპარსული სახელია, შემოსულია თურქულის გზით: ” ვარდი “.


გოგოლა (ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური).


გოგუცა (ქართული)


გუგული, გუგულა (ქართული)


გულდა (სპარსული) სრული ფორმაა გულანდამ||გულანდარ ( ” ვარდისტანა “, ” ვარდსხეულა “). იხ. ვაჟის სახელი გულდამ, გულდა.


გულვარდი - ქართული სახელია, სადაც შერწყმულია სპარსული სიტყვა გულ და მისი ქართული შესატყვისი ვარდი. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი გულვარდაშვილი (წარმოების მხრივ შეადარეთ შერლომ, ხვარამზე).


გულთამზე (ქართული)


გულია (ქართული) ისტორიულ საბუთებში (XVI-XVII სს.) გვხვდება ვაჟის სახელადაც, აქედანაა გვარი გულიაშვილი.


გულიზარ, გულიზა (სპარსული) ” ვარდნარი “, ” ყვავილნარი “.


გულიკო (ქართული) ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო იკო სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.


გულისა (ქართული) აქედანაა გვარი გულისაშვილი. ამავე სახელის კოლხური ვარიანტია გულიშა.


გულისვარდი (ქართული)


გულნაზ (სპარსული) ” კოხტა ყვავილი “.


გულნარა (სპარსული) ” ბროწეულის ყვავილი “.


გულო (ქართული) გვხვდება კაცის სახელადაც.


გულსუნდა (ქართული)


გულქან (სპარსული) ” მოწყვეტილი ვარდი “. მოფერებითი ფორმაა გუქა.


გულჩინა (სპარსული) ” მოკრეფილი ვარდი “.


გულჩორა (სპარსული) ” ვარდის სახის მქონე “, ” პირვარდა “.


გურანდუხტ (სპარსული) ” გურამის (გვარამის) ასული “. საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ეს სახელი ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას.


გურანდა - გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა.

გოგოს სახელები (დ)


დალი (ქართული) ნადირობის ქალღმერთის სახელია.


დარეჯან - წარმოადგენს მეორე ნაწილს სახელისა ნესტან-დარეჯან ( ” სწორუპოვარი “). მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს ” მფლობელს “.


დაფინე (ლათინური) ” დაფნა “. ხალხში გავრცელებული ფორმაა დოფინა. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ლაურა.


დედიკა (ქართული) მისივე ვარიანტული ფორმებია: დედუკა, დედუნა.


დედისიმედი (ქართული) საეკლესიო კალენდრით მას შეეფარდება ელპიდა ( ” იმედი “). დედისიმედი ერქვა საქართველოს ისტორიიდან ცნობილ რამდენიმე ქალს, – მაგალითად, ყვარყვარე ათაბაგის მეუღლეს, ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლეს (ქეთევან წამებულის დას) და სხვ. ეს სახელი ჰქვია კონსტანტინე გამსახურდიას ” დავით აღმაშენებლის ” ერთ-ერთ მთავარ გმირ ქალს.


დენოლა (ქართული) სვანურად ნიშნავს ” გოგონას “.


დესპინე (ბერძული) ” ქალბატონი “. მოფერებითი ფორმაა დესი. ეს სახელი ჰქვია ეგნატე ნინოშვილის ” ჩვენი ქვეყნის რაინდის ” მთავარ გმირ ქალს.


დიანა (ლათინური) მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.


დილავარდისა (ქართული).


დიელო (ქართული).


დინა – ბიბლიური სახელია (სვანურად ” ქალიშვილს “, ” გოგონას ” ნიშნავს).


დინარა – წარმოადგენს ქართული თამარ-ის სახეცვლილ ფორმას რუსულში (ცნობილია რუსული ” თქმულება დინარაზე “, ე.ი. ქართველ თამარზე).


დოდო (ქართული) მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და ” ღვთის მეგობარს ” ნიშნავს).


დომნა (ლათინური) ” ქალბატონი “, ” დიასახლისი ” (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ მატრონა). დომუს ლათინურად ნიშნავს ” სახლს ” (შეადარეთ რუსული дом). ამ ფუძეზე ‘ინ’ სუფიქსის დართვით (დომ-ინ-ა) მას ეძლევა ” დიასახლისის ” მნიშვნელობა. აქედანვეა სიტყვები: დომინიონი, დომინირება, ესპანელ აზნაურთა ტიტული დონ და სხვა.


დომინიკა, დომნიკა (ლათინური) ” უფლისა ” (უფლის, ბატონის საკუთრება), ანდა: ” კვირისა ” (კვირას დაბადებული).

გოგოს სახელები (ე)


ევა (ძველი ებრაული) ” ცოცხალი “. ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითია ევროპულ ენებში გავრცელებული ეველინა.


ევდოკია (ბერძნული) ” წყალობა “, ” სათნოყოფნა “. ხალხში გავრცელებული ფორმებია ედუკია, ედუკი, შემოკლებული – ევდო (აქედანაა პოეტ იროდიონ ხოსიტაშვილის ფსევდონიმი ევდოშვილი).


ეპრაქსია (ბერძნული) ” კეთილდღეობა “, ” კეთილმოქმედება “. ხალხური ფორმებია: ეპრაქსია, ეპრასია, ეპრასი (შეადარეთ სიტყვა პრაქტიკა – ” მოქმედება “, ” საქმიანობა “).


ეთერ (ძველი ებრაული) ” ვარსკვლავი “, ან (ბერძნული) ” ჰაერი “, ” ეთერი “. აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ” აბესალომ და ეთერი “.


ეკატერინე (ბერძნული) ” წმინდა “, ” უმწიკვლო “. შემოკლებული ფორმაა ეკა.


ელდინო - ეტიმოლოგია უცნობია.


ელენე – ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც ” ნათელს “, ” მანათობელს “. ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.


ელეონორა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავდეს ” მოწყალებას “, თანაგრძნობას “. მისი შემოკლებული ფორმაა ნორა.


ელზა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.


ელიკო – ელენე-ს კნინობითი ფორმაა, რომელიც მხოლოდ ქართულში გვხვდება და ცალკე სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს.


ელისაბედ (ძველი ებრაული) ” ღვთის მოფიცარი ” (სიტყვა-სიტყვით: ” ღმერთს ვფიცავ “, ” ღმერთის ფიცი ჩემი “). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო.


ელისო – ქართული სახელია, შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლების გზით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს.


ელო – ელენე-ს შემოკლებული ფორმაა.


ელპიდე (ბერძნული) ” სასოება “, ” იმედი ” (შეადარეთ ქართული იმედა, დედისიმედი, რუსული ნადეჟდა). ხალხში გავრცელებული ფორმაა ელპიტე.


ენძელა (ქართული).


ესმა – შესაძლოა მოდიოდეს არაბულიდან და ნიშნავდეს ” ამაღლებულს ” (ზ. სიხარულიძის ეტიმოლოგიით).


ეფემია (ბერძნული) ” ღვთისმოსავი “, ” ღვთისმოყვარე “. მის კნინობით ფორმად ითვლება ქართულში: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).


ეფროსინე (ბერძნული) ” სიხარული “, ” მხიარულება “. შემოკლებული ფორმაა ეფრო.


ეშხა (ქართული) ვარიანტული ფორმებია: ეშხანა, ეშხია. თვით სიტყვა ეშხი არაბულია.

გოგოს სახელები (ვ)


ვალენტინა (ლათინური) ” ძლიერი “, ” ჯანმრთელი ” (ნაწარმოებია ვალენტის კაცის სახელისაგან. დაწვრილებით იხ. ვალერი). მისი კნინობითია ვალია. ვალენტი, ვალენტოსი, ვალენტინი, ვალენტინე, ვალენტიანე, ვალენტინა წნმინდა მოწამეთა სახელებია.


ვალიდა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.


ვანდა (სლავური).


ვარდო (ქართული), კნინობითი ფორმებია: ვარდუა, ვარდიკო. ვარდიკო გვხვდება ვაჟის სახელადაც: ვარდო ჰქვია დანიელ ჭონქაძის მოთხრობის ” სურამის ციხის ” ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟ ქალს.


ვარვარა იხ. ბაბალე


ვარსკვლავისა (ქართული) მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ბერძნული ასტერი, სომხური ასტღიკ.


ვასასი – ეტიმოლოგია უცნობია


ვენერა (ლათინური) ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).


ვერა (რუსული) ” რწმენა “. ბერძნული სახელის პისტი-ს თარგმანია. ქართულში გავრცელებული მოფერებითი ფორმაა ვერიკო.


ვინარი (ქართული) ახალი ნაწარმოები სახელია. შედგება ორი სიტყვისაგან: ვინ არი.


ვინელი (ქართული) ესეც ორსიტყვიანი კომპოზიტია.


ვიოლა, ვიოლეტა (ფრანგული) ” ია “. ახალი შემოსული სახელია, მის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ვერდის ოპერა ” ტრავიატამ “, რომლის გმირ ქალსაც ჰქვია ეს სახელი.

გოგოს სახელები (ზ)


ზაირა - თურქული სახელია, მომდინარეობს არაბული ზეჰრა-საგან; ” ყვავილს ” ნიშნავს.


ზანდა – ეტიმოლოგია უცნობია.


ზეინაბ (არაბული) ” მსუქანი “. ეს სახელი ერქვა მუჰამედის ქალიშვილს, ამიტომ ძალზე გავრცელდა.


ზიზი (ქართული) ” ლამაზი ” (ბავშვის ენაზე). მისი ვარიანტული ფორმებია: ზიზო, ზიზიკო, ზიზილა, ზიზილო.


ზინა, ზინაიდა (ბერძნული) ნაწარმოებია ძველ ბერძენთა უზენაესი ღვთაების, ზევსის სახელისაგან და ნიშნავს ” ზევსისა “, ” ღვთისა ” (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული ღვთისია, ღვთისავარი). ზინა წინათ იხმარებოდა კაცის სახლად, მისგან კი ნაწარმოები იყო ქალის სახელი ზინაიდა. ამჟამად ორივე მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება და ზინა ითვლება ზინაიდა-ს შემოკლებულ ფორმად.


ზინათი (არაბული) ” სამკაული “.


ზოია (ბერძნული) ” სიცოცხლე “.

გოგოს სახელები (თ)


თათია, თათული (ქართული).


თალიკო - ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.


თამარ - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი ” ფინიკის პალმას ” ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვანი.


თამთა - მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს ” ღონიერს “, ” გოლიათს “, ” ძლიერს “, ” მამაცს “, ” გმირს “. სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.


თამილა (ძველი რუსული) ” ტანჯული “, ” წამებული “.


თაფლო (ქართული)


თეა (ბერძნული) ” ღვთაება ”


თებრონე (ბერძნული) მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: ” თებროლე მიდის წყალზედა “). მისი კნინობითია თებრო.


თეთრუა (ქართული).


თეკლე (ბერძნული) ” ღვთის დიდება “. მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს – ” ღმერთი “, რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს – ” დიდება “, რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა – ” მამის დიდება “.


თეო (ბერძნული) ” ღმერთი “, ” ღვთაება “. თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.


თეოლინე - წარმოადგენს ბერძნული თეონილა-ს ქართულ ფონეტიკურ ვარიანტს, ნიშნავს ” ღვთის გონებას ” ან ” საღვთო ფიქრს “.


თეონა (ბერძნული) ” ღვთის ფიქრი “, ” ღვთის გონება “. ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.


თვალჩინა (ქართული).


თინათინ (ქართული) ” მზის სხივის ანარეკლი “, ” მოციმციმე სხივი “. ” ვეფხისტყაოსნის ” ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.

გოგოს სახელები (ი)


ია - ადრეული გაზაფხულის ყვავილის ასხელია; ბერძნულად მას ჰქვია იონ. მისი მრავლობითი რიცხვის ფორმაა ია, რომელიც ქალის სახელად არის ქცეული და შესულია ევროპულ ენებშიც. მაგალითად, რუსულში, ფრანგულში (იხ. ვიოლა, ვიოლეტა). იგივე სიტყვა ნასესხებია ყვავილის სახელადაც (შეადარეთ რუსული фиалка – ” ია “, фиолетовый – ” იისფერი “). ასევე ქართულშიც ია შემოსულია ყვავილის აღსანიშნავადაც და ქალის სახელადაც. ია ქალის სახელად გვხვდება ბორჯომის ხეობაში მარიამწმინდის ეკლესიის ფრესკაზე (XII-XIII სს.), რომელზეც გამოსახული არიან ქალი და ვაჟი (ჩანს, დედა-შვილი) იაი და შოთა. შესაძლებლად არის მიჩნეული, რომ ესენი შოთა რუსთაველი და დედამისი იყვნენ.


იადონ (ბერძნული) ” მგალობელი “, ” ბულბული “. გვხვდება ვაჟის სახელადაც.


იათამზე (ქართული).


იამზე (ქართული).


ივდით (ძველი ებრაული) ” იუდეველი “, ” ებრაელი “.


ივეტა (ფრანგული).


ივლიტა, ივლიტე (ლათინური) იგივეა, რაც იულია (იხ).


იზაბელა - ძველი ებრაული სახელის ელისაბედ-ის ვარიანტია, გავრცელებული ევროპულ ენებში. მისი შემოკლებული ფორმებია იზა, ბელა.


იზოლდა (ანგლოსაქსური) ” გამოჩენილი მეომარი “. მისი შემოკლებული ფორმაა იზო.


ინა – ახალი ნასესხებია ევროპულიდან, სადაც ადრე გავრცელებული ყოფილა კაცის სახელადაც. უკავშირდება ლათინურს და თარგმნიან როგორც ” ნიაღვარი “, მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა და წარმომავლობა უცნობია.


ინგა (სკანდინავიური) უკავშირდება ძველი ისლანდიელების ღმერთის სახელს ინგვე-ს ქართულში ახალი ნასესხებია.


ინეზა, ინესა – ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან. ესპანური ვარიანტია აგნესა-სი (იხ).


ინოლა (ქართული) ირინეს ან მარინეს შეკვეცილი მოფერებითი ფორმაა, დამახასიათებელი სვანური ენისათვის.


ირინე (ბერძნული) ” მშვიდობა “. მისი შემოკლებული ფორმაა ირა (ეს უკანასკნელი შეიძლება მიღებული იყოს ირაიდა-ს შემოკლებითაც, რომელიც აგრეთვე ბერძნული სახელია და ნიშნავს ” გმირ ქალს ” ან ” ჰერას ასულს “).


ირმა - ქართული სახელია; გარეგნულად ემთხვევა გერმანულ სახელს, რომელსაც სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და ” ირმინისადმი (ომის ღმერთისადმი) შეწირულს ” ნიშნავს.


იულია (ლათინური) ” იულიუსის კუთვნილი “, ” იულიუსისა “, ” ან ” ივლისისა “.

გოგოს სახელები (კ)


კაკალა (ქართული).


კატო – ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.


კეკელა - შემოკლებით კეკე, ქართული სახელია, ნიშნავს ” მშვენიერს “, ” ლამაზს “, ” ტურფას ” (შეადარეთ კეკლუცი). წინათ იგი გავრცელებული ყოფილა როგორც ქალის, ასევე კაცის სახელადაც (აქედან მოდის გვარები: კეკელაშვილი, კეკელიძე, კეკელია). ახლა ეს სახელი თითქმის აღარ გვხვდება, რადგან კეკელამ უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა ( ” პრანჭია “).


კესანე - ქართული სახელია, შერქმეული მინდვრის ყვავილის სახელწოდების მიხედვით.


კესარია (ბერძნული) ” დედოფალი “. შემოკლებული ფორმაა კესო, რომელიც ვრცელდება ქართულში როგორც დამოუკიდებელი სახელი. ეს სახელი ჰქვია ილია ჭავჭავაძის ” ოთარაანთ ქვრივის ” ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს. გვხვდება აგრეთვე მეორე შემოკლებული ფორმაც – კესა.


კლავდია (ლათინური) ნაწარმოებია კაცის სახელისაგან: კლავდიუს – ” კოჭლი “. კლავდიუსს უწოდებდნენ კოჭლ ღვთაებას – ჰეფესტოსს ანუ ვულკანს.


კლარა (ლათინური) ” ნათელი “. ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან.


კმარა (ქართული) არქმევენ, როცა მეტი ქალიშვილი აღარ სურთ. ასეთივეა აღმოსავლური სახელები: ბასაკ ( ” კმარა “), ბასგულ ( ” კმარა ყვავილი “, ე.ი. ” კმარა ქალიშვილი, გოგონა აღარ გვინდა “). შეადარეთ აფრეთვე ნამეტი, მეგრული მეტვარი ( ” მეტი არა! “).


კრავაი (ქართული) თამარ მეფის დროს გამოჩენილი დარბაისელი ქალი იყო კრავაი ჯაყელი. ეს სახელი კრავის ფორმით გვხვდება. უფრო ადრეც – ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ” : ” და ვითარცა განთენა, [მირიან აზნაურმან] შემიყვანნა წინაშე მეუღლისა თვისისა, რომლისაი არს სახელი კრავი, რამეთუ არს იგი მხევალი ქრისტესი “.


Clean
Last scanned on:
2013-05-24 11:40:14